მოტოციკლების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია დუკატიმ (Ducati) გამოუშვა თავისი პოპულარული მოდელის Monster-ის ლიმიტირებული სერია Ducati Monster Senna, რომელიც მიუძღვნა ლეგენდარულ ბრაზილიელ მრბოლელს აირტონ სენას. ლიმიტირებული სერია შეადგენს 341 ეკზემპლარს. ეს ციფრი ეძღვნება სენას 3 საჩემპიონო ტიტულს და 41 გამარჯვებას ფორმულა 1-ში.






დუკატი მონსტრი გამოდის 1993 წლიდან და უკვე დიდი ხანია რაც ითვლება კლასიკად. მონსტრი მიეკუთვნება მოტოციკლების კატეგორიას Naked, რაც გულისხმობს იმას, რომ თავიდანვე პროექტირდებოდა დამატებითი აეროდინამიკული გარე პანელების გარეშე.
დუკატიმ თავისი ახალი მოდელის, Ducati Monster Senna-ს პრეზენტაცია გამართა იმოლას ავტოდრომზე. თავის მხრივ პრეზენტაციის ადგილმდებარეობა სიმბოლური იყო, რადგან აირტონ სენა იყო დუკატის დიდი თაყვანისმცემელი და Ducati Monster 900-ის ერთერთი პირველი მფლობელი.



Ducati Monster Senna-ს შეფერილობა შესრულებულია სენას ჩაფხუტის ფერებში. მას ასევე დაამშვენებს სენას ლოგოტიპი.
დუკატი პირველად არ ანიჭებს თავის მოტოციკლებს სენას სახელს. 1994 წელს დუკატიმ, რომლის ქარხანა მდებარეობს ბოლონიაში, ემილია რომანიას რეგიონის დედაქალაქში, გამოუშვა სპეციალური მოდელი 916, რომელიც თვითონ აირტონ სენამაც გამოსცადა მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ხოლო 2014 წელს, სენას ტრაგიკული გარდაცვალების 20 წლის თავზე კომპანიამ გამოუშვა მისი ყველაზე ცნობილი მოდელის ლიმიტირებული სერია 1199 Panigale S Senna, რომელიც იყო გამოშვებული 161 ეკზემპლარად და იყიდებოდა მხოლოდ ბრაზილიაში.



Ducati Monster Senna არის ორიგინალი მოდელის უფრო მსუბუქი ვერსია, 111 ცხენის ძალიანი ორცილინდრიანი ძრავით, რეგულირებადი დაკიდების სისტემით, კარბონის გამშვები სისტემით, ბრემბოს გაძლიერებული მუხრუჭებით, ABS-ის სისტემით და ყველაზე თანამედროვე ელექტრონიკით.
ამ მოტოციკლის ფასი იტალიაში იქნება 25 000 ევრო.