სეზონის მეორე რბოლაზე. რომელიც საუდის არაბეთში ჩატარდა ლანდო ნორისმა ფალშსტარტი დაუშვა, თუმცა მის შეცდომას ჯარიმა არ მოჰყოლია. ახალგაზრდა ბრიტანელმა მოძრაობა „ხუთი წითელი“ შუქნიშნის ჩაქრობამდე დაიწყო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ადრე დაიძრა, ბოლიდი მაშინვე გააჩერა.

ეკრანებზეც თვალნათლივ ჩანდა მისი მაკლარენის მოძრაობა, მაგრამ ტრანსპონდერმა (გადამცემ-მოპასუხე მოწყობილობა, რომელიც სიგნალის მიღების შემთხვევაში საპასუხო სიგნალს აგზავნის) ეს ვერ დააფიქსირა. აქედან გამომდინარე ფორმალურად ნორისს წესი არ დაურღვევია და შესაბამისად სტუარდებმა იგი არ დასაჯეს.
მსგავსი საკამათო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ფიამ სპორტულ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა. ახალი ვერსიით სტიუარდებს უფლება აქვთ დააჯარიმონ პილოტი ფალშსტარტისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ტრანსპონდერი ვერ დააფიქსირებს მანქანის მოძრაობას სტარტის აღებამდე. რეგლამენტის ახალი ვერსიიდან ამოღებულია ფრაზა, რომ გადაწყვეტილება ფალშსტარტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ტრანსპონდერის ჩვენების საფუძველზე.
გარდა ამისა რეგლამენტს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც მიზნად ისახავს პილოტების სტიმულირებას იმუშაონ წვიმიან ტრეკზე პრაქტიკის სესიებში და არ დაზოგონ წვიმის საბურავები კვალიფიკაციისთვის და რბოლისთვის, როგორც ეს სუზუკაზე მოხდა.

ამიერიდან თუ პირველი, მეორე ან მესამე ვარჯიში ოფიციალურად წვიმიანად გამოცხადდება, მაშინ მესამე ვარჯიშის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 საათისა გუნდები ვალდებული არიან დააბრუნონ შუალედური საბურავების ერთი კომპლექტი.
